ირაკლი კობახიძე: უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, გვინდა, შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება

ირაკლი კობახიძე

ოპტიმიზაციაზე საუბრისას, ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, ეს არ ეხება გამონაკლის სპეციალობებს, პირველ რიგში, სამედიცინოს, სადაც, ბუნებრივია, სწავლის ხანგრძლივობა უნდა იყოს შედარებით დიდი, მაგრამ პრაქტიკულად ყველა სხვა მიმართულებით შესაძლებელია, შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, შემოიღოს 3+1+1 სისტემა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკასა და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„გვინდა, შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, ანუ არსებითად 3+1, 3 წელი ბაკალავრიატი, ერთი წელი მაგისტრატურა და იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე, მოგვიანებით, სწავლის გაგრძელება და ა.შ. იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. აქაც ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სავსებით არის შესაძლებელი სამ წელიწადში ყველა იმ ძირითადი საგნის გავლა, რაც უნდა იცოდეს იურისტმა და, ასევე, შესაძლებელია 10-მდე არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. სამი წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია, რათა მან მიიღოს საკმარისი ცოდნა, რაც უნდა გადაეცეს მას ბაკალავრიატის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკის მიმართულებაზე, სოციალურ მიმართულებაზე, ჰუმანიტარულზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, რაიმე განსხვავებული აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები არ მომისმენია. ჩვენი აზრით, 3+1+1 არის ოპტიმალური სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ სისტემას ექნება დამატებითი ეფექტიც – დაახლოებით, 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში.

„ამას თავისი დამატებითი ეფექტიც ექნება, დაახლოებით, 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ერთი წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას. ანუ, 30 000-ით მეტი ახალგაზრდა ადამიანი, კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გვაქვს სწრაფი ტემპი ეკონომიკის განვითარების და უკვე ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი. რა თქმა უნდა, უმუშევრობაც რჩება პრობლემად და საშუალოდ, იმ პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის დაძლევა, თუმცა ამავდროულად ბევრი მიმართულებით უკვე არის სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა. თქვენ რომ მოისმინოთ, მაგალითად, ბიზნესასოციაციის პრეზენტაციები, ისინი სამეულში პრობლემებად ასახელებენ სამუშაო ძალის ნაკლებობას და მეორე არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, რაც არის ცალკე პრობლემა. ამიტომ აქ გვჭირდება შრომის ბაზრის გამდიდრება და ამ კუთხითაც საინტერესოა ის ცვლილება, რომელსაც გთავაზობთ“, – განაცხადა პრემიერმა.