ირაკლი კობახიძე: თავს მოგვახვიეს ჩაკეტილი წრე, ორი პოლუსი. როგორც კი ეს ჩაკეტილი წრე გაირღვევა, საზოგადოება თვითონ შექმნის ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში

 ირაკლი კობახიძე

თავს მოგვახვიეს ჩაკეტილი წრე, ორი პოლუსი, აქეთ არის მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის გარედან მართული აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. როგორც კი ეს ჩაკეტილი წრე გაირღვევა, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება თვითონ შექმნის ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ საზოგადოებას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის განმავლობაში საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა.

„მე მგონია, რომ თავისთავად წავა ჯანსაღი პროცესი. დღეს არის ჩაკეტილი წრე, გარედან დალაგებულია ეს ჩაკეტილი წრეც. გახსოვთ იძულებითი კოჰაბიტაცია, როცა არსებობდა კოალიცია, ძალიან რთული პერიოდი იყო 2012-2016 წლები, ამის შემდეგაც უამრავი სირთულე იყო. ასეთ პირობებში განცხადებებით - არ დასაჯოთ დამნაშავეები და ასეთი რაღაცებით თავს მოგვახვიეს ჩაკეტილი სისტემა, ჩაკეტილი წრე, ორი პოლუსი. აქეთ არის მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის გარედან მართული აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. როგორც კი ეს ჩაკეტილი წრე გაირღვევა, მაშინვე საზოგადოება თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. ქართული საზოგადოება ძალიან გამოცდილია და დიდი გამოცდილება შეიძინა ამ 35 წლის განმავლობაში. არ ვიცი მეორე ასეთი საზოგადოება, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35-წლიანი სტაჟი და ამხელა გამოცდილება აქვს შეძენილი. ასეთ პირობებში, როგორც კი გაირღვევა ეს ჩაკეტილი წრე, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება თვითონ შექმნის ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში და ასე უნდა შედგეს. თუ ისევ ვიღაცამ გარედან სცადა ახალი რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ძალების შექმნა და ეს თუ მიიღო საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, დარჩება ისევ ჩაკეტილი წრე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება საკმარის სიბრძნეს გამოავლენს იმისთვის, რომ შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები საკუთარი წიაღიდან და არა ისეთები, რომელთა არაკონსტიტუციურად გამოცხადებასაც ვითხოვთ ჩვენი სარჩელით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.