ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სარჩელით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ასაკრძალია სამი ოპოზიციური პარტია და ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ფაქტებით

ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია თავადვე აღიარებს, რომ ასაკრძალია ან მმართველი პარტია, ან ეს სამი პოლიტიკური პარტია. ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ასაკრძალი სწორედ ისინი არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩევნების არ აღიარებას ემატებოდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები.

“ყოველ ჯერზე ეს პარტიები არ აღიარებდნენ არჩევნებს და ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არ იყო მარტო არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარება, ამას ემატებოდა რევოლუციის მოწყობის, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის 5 მცდელობა ამ წლების განმავლობაში. 2022, 2023, 2024-ში ორი მცდელობა და 2025-ში ბოლო მცდელობა 4 ოქტომბერს. ეს არ იყო მარტო არჩევნების არაღიარება, ამას ემატებოდა არაღიარების გაგრძელება, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის პირდაპირ უშუალო მცდელობები. პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ა.შ. სარჩელში ერთი საინტერესო მსჯელობაა განვითარებული, მთელი ამ წლების განმავლობაში - ჯერ დაიწყეს 2016-ში, მერე 2018-ში გააგრძელეს და 2020 წლიდან მუდმივად ასეთ რეჟიმში აცხოვრებენ ჩვენს ქვეყანას, რომ ისინი არ აღიარებენ მმართველი ძალის და საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ისინი არ აღიარებენ არც საშინაო პოლიტიკური კუთხით ჩვენს ლეგიტიმურობას, ანუ არ აღიარებენ არჩევნებს, შესაბამისად, საშინაო პოლიტიკური კუთხით, ისინი ლეგიტიმურად არ ცნობენ ხელისუფლებას და მეორე საგარეო პოლიტიკური კუთხით, ეს პარტიები, ყველა ერთად ერთ ხმაში აცხადებს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, არა დამოუკიდებელი სუვერენული, არამედ რუსული ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ისინი არც საშინაო პოლიტიკური კუთხით და არც საგარეო პოლიტიკური კუთხით, 5 წელია, არ აღიარებენ მოქმედ ხელისუფლებას და ცდილობენ, მოქმედი ხელისუფლების ამასთან ერთად დამხობას ან ძალადობით შეცვლას, შესაბამისად, კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას.

„აქ არის ორი მხარე, ერთი მხარე რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, აცხადებს, რომ მეორე მხარე არის არაკონსტიტუციური, თავადვე აღიარებენ, რომ ორი მხარიდან ერთ-ერთი აუცილებლად არაკონსტიტუციურია, ეს არის ან მმართველი ძალა, ან არიან თავად არაკონსტიტუციურები. არ შეიძლება, ერთი მხარე მეორეს აცხადებს არაკონსტიტუციურად, ერთ-ერთი მაინც არ იყოს არაკონსტიტუციური. თავადვე აღიარებენ, რომ ვიღაც არის ასაკრძალი ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე - ან ასაკრძალია მმართველი პარტია, ან ასაკრძალია ეს სამი პოლიტიკური პარტია. ჩვენ ამ სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ასაკრძალი სწორედ ისინი არიან და ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ფაქტებით. ამ ფაქტების დიდი ჩამონათვალია მოცემული. მე მხოლოდ პირველ ნაწილზე ვისაუბრე აქამდე, რაც უკავშირდება კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას და მეორე საფუძველი სარჩელის, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.