წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
ვფიქრობთ, საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისად, სათანადო სამუშაო პირობები, მაღალი ანაზღაურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს ხელზე 10 ათას ლარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკადრო პოლიტიკაში არის სერიოზული პრობლემები სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მთავარი პრობლემა არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში, პროფესორები, პედაგოგები მუშაობენ არასრულ განაკვეთზე, შესაბამისად, ისინი არ არიან აქტიურად ჩართული სასწავლო პროგრამების დახვეწა-განვითარებაში, არ არიან ჩართული სათანადოდ კვლევით საქმიანობაში.
„მათთვის არ არის შექმნილი სათანადო პირობები, მათ შორის ვსაუბრობთ შრომის ანაზღაურებაზე, რომელიც არის ძალიან დაბალი. ასეთ პირობებში, როდესაც მაგალითად, სრული პროფესორის ხელფასი კატეგორიების მიხედვით არის 2-3 ათასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რთულია, დააინტერესო პირობითად კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი ან ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენელი, რომ სრულ განაკვეთზე იმუშაოს უნივერსიტეტში. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები მუშაობენ სხვაგან და შეთავსებით მუშაობენ აკადემიურ სფეროში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ასეთ პირობებში სისტემა ვერ ვითარდება და დგას ერთ ადგილზე. ვფიქრობთ, რომ საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და რაც მთავარია, უნდა შეიქმნას სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისად, სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს ხელზე 10 ათას ლარს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის ოპტიმალური მაჩვენებელი, რაც ჩვენ მოგვცემს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დამაგრების შესაძლებლობას, სხვანაირად რთული იქნება. დაგვრჩება იგივე ვითარება, რაც დღეს არის, რომ შეთავსებით კითხულობენ ლექციებს და ატარებენ სემინარებს პედაგოგები. ოპტიმიზაციის პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ ხელფასზე გავიდეთ სრული პროფესორების ნაწილში. დარჩებიან არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებიც და მათი ანაზღაურება იქნება ბევრად უფრო ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებთან შედარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე იქნება არაერთი მიმართულება, სადაც არის კადრების დეფიციტი, მათ შორის ეს არის ტექნოლოგიები, ტექნიკური მიმართულებები და არ მარტო.
„ბევრი მიმართულებით განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრების მოზიდვა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ რესურსი, რომ ლექციები წაიკითხონ, იმუშაონ კიდევ 7-8-10 წლის განმავლობაში, შეიძლება, მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ დეფიციტურ მიმართულებებზე საჭირო იქნება უცხოელი პედაგოგების მოზიდვა და ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. საკადრო პოლიტიკა არსებითად უნდა გადაიხედოს, ერთგვარი კათედრის პრინციპი უნდა დაინერგოს, როდესაც მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი მიმართულებით პროგრამების დახვეწაზე, განვითარებაზე და ასევე კვლევითი საქმიანობის აქტიურად წარმოებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.