ირაკლი კობახიძე: პარლამენტარებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიციირების თაობაზე, ეფექტური მექანიზმები ამოქმედდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა

ირაკლი კობახიძე მთ

პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიციირების თაობაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილი ელჩი თავის დროზე ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც იყო სამარცხვინო ტყუილი.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკული ფარას კანონი დიდად არ მომწონს, თავად ამ კანონპროექტის ინიცირების იდეა ძალიან მომეწონა ერთი მარტივი მიზეზის გამო, გახსოვთ ურცხვი ტყუილი, რომელსაც ავრცელებდა ამერიკის ყოფილი ელჩი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. ის ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ეს იყო სამარცხვინო ტყუილი. დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა, აქედან გამომდინარე, პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე. დანარჩენს დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ეს კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, თუმცა სიცრუეს მოეფინება საბოლოო ჯამში ნათელი და იქნება ეფექტური მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. მით უფრო აქტუალურია ეს ყველაფერი, რომ დღეს აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს იმ დანაშაულებრივ მიზნებზე, რომლებსაც ემსახურებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების დაფინანსება, აქედან გამომდინარე, აქტუალობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია ამ კანონის და პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.