1746126348
ირაკლი კობახიძე: ლევან იზორიას წიგნი - „სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ უმნიშვნელოვანესი შენაძენია ყველა ადამიანისთვის, ვის საქმიანობაშიც სამართლებრივ აზროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

ლევან იზორიას ნაშრომი - „სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ უმნიშვნელოვანესი შენაძენია ქართველი იურისტებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმძღვანელოს დახმარებით ქართველი იურისტები მიიღებენ, ან გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის - სამართლის ფილოსოფია, სამართალმცოდნეობის საფუძვლები, სამართლის, კონსტიტუციის თეორია.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ლევან იზორიას კვალიფიკაციას და აღნიშნა, რომ მისი ნაშრომი ღირებულია ყველა ადამიანისთვის, ვის საქმიანობაშიც სამართლებრივ აზროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„მსოფლიო მასშტაბით, გლობალურ დონეზე, პოლიტიკური ინტერესების წინაშე სულ უფრო მეტად უკან იხევს სამართლებრივი პრინციპები, სამართლებრივი აზროვნება, რაც არის ძალიან სამწუხარო ტენდენციები, ლევან იზორიას ნაშრომი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება დომინირებდეს პოლიტიკაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უმაღლესი განათლების სისტემა, მათ შორის იურიდიული განათლების მიმართულებით მაქსიმალურად დაიხვეწოს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.