ირაკლი კობახიძე: ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური, მოშლილია დემოკრატიული სისტემები, ამას განაპირობებს პროცესები, რაც ვითარდება კონკრეტული ძალებისგან ევროპის დასასუსტებლად

ირაკლი კობახიძე

მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე.

„ეს არ არის სინამდვილეში ევროკავშირის საკითხი, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში. იცით, რომ ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. მას შემდეგ, რაც დაეკარგა წვდომა ევროპას მაგალითად იაფ რუსულ ენერგორესურსებზე, შეიქმნა სერიოზული გამოწვევები ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის სფეროში. ბევრი მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ასევე თქვენ ხედავთ, რომ მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით. ლიდერების რეიტინგები არის ხშირ შემთხვევაში 20 %-ზე ქვემოთ ჩამოსული. ამ ყველაფერს განაპირობებს ის პროცესები, რომლებიც კომპლექსურად ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო პროცესი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა საკუთარ თავში იპოვის იმის ძალას, რომ შემოატრიალოს ეს პროცესი უკეთესობისკენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.

✕