ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, ხელი შევუწყოთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე

ირაკლი კობახიძე

Eagle Hills-ის პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ეს არის ახალი შესაძლებლობები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანულ იერსახეს, შექმნის მიზიდულობის ახალ ცენტრებს და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის და რეგიონის მთავარი საინვესტიციო ცენტრის სტატუსს. ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. გისურვებთ წარმატებებს და, საქართველოს მთავრობის სახელით, გპირდებით სრულ მხარდაჭერას, თანადგომას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.