1759569555
ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს - ირაკლი კობახიძე

ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევანი გააკეთა.
პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა საკრებულოში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა.
„რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64 64-ზე - 64 მერი და 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.