ირაკლი კობახიძე: ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია

ირაკლი კობახიძე

ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ ისინი საქართველოს არა შანტაჟითა და შეურაცხყოფით, არამედ ღირსეულად უნდა ელაპარაკონ. მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გამოყენება საზოგადოების გახლეჩისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად, ევროკავშირს საქართველოში სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირს ამ რეპუტაციულ ზიანს სამომავლოდ აარიდებს თავიდან. დასასრულს, კიდევ ერთხელ თამამად გვინდა განვაცხადოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.