ირაკლი კირცხალია: კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც

ირაკლი კირცხალია

მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში. არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასა და მათ წევრებს ეხება.

„რიგი ცვლილებები შევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში. კერძოდ, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური სარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებში. ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო-პოლიტიკური თუ პოლიტიკური; ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.

ამგვარი პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოვუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან.

მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში. არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე, პარტიები ამგვარი პირებისგან შემოწირულებებს ვერ მიიღებენ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, პარტიაში მიიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას“, - აღნიშნა კირცხალიამ.

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს.