1757612113
ირაკლი კირცხალია ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: არასასიამოვნოა, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე და მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ის ფაქტი, როდესაც ვხედავთ ასეთ ბრალდებას თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

არასასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე და ადამიანზე, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოზიციას. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ის ფაქტი, როდესაც ვხედავთ ასეთ ბრალდებას თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, რითიც გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტს.
„წარმოუდგენელია, რადგან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, რომელ პერიოდში იკავებდა ეს ადამიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხდებოდა ღია და უხეში შეტევა ჩვენი ქვეყნის მიმართ და, პირდაპირი მნიშვნელობით, გავდიოდით დანის პირზე და იდგა ქვეყნის გადარჩენის საკითხი. დღესაც ეს საფრთხე არსად წასულა.
ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა საქართველო. ამ ურთულეს პერიოდში ზეწოლა მიმდინარეობს ქვეყანაზე, ყველა ინსტიტუციაზე, თანამდებობის პირზე, კარგად გახსოვთ, მარტო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა, მათ შორის, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრზე, იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება. ასეთ დროს კი იკავებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოზიციას და ბრალდებაში ვისმენთ, რომ ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ყველანი ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ვიცით ის, რაც გაჟღერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობასაც, ეტაპობრივად, რაც საჭირო იქნება, გააცნობენ საზოგადოებას შესაბამისი უწყებები“, - აღნიშნა კირცხალიამ.
სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.