ირაკლი კირცხალია ფასებზე: დარწმუნებული ვარ, ბიზნესთან ერთად დავდებთ იმ შედეგს, რომელი შედეგიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოსახლისთვის

ირაკლი კირცხალია

დარწმუნებული ვარ, ბიზნესთან ერთად დავდებთ იმ შედეგს, რომელი შედეგიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოსახლისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ფასებთან დაკავშირებით.

კირცხალიას თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მყისიერად გამოეხმაურა და ჩართვასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა.

„უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა პრემიერ-მინისტრის, რომელსაც მყისიერად გამოეხმაურა საკანონმდებლო ორგანო და გამოთქვა მზაობა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი ბიზნესისთვის, რომ ჩართულიყო ამ პროცესში. კერძოდ, ამ თემის შესწავლაში.

თავიდან იყო პროდუქტების ფასებზე, ვნახეთ რომ შეიკრიბა სამთავრობო კომისია, ვიცით შემადგენლობა, უაღრესად პროფესიონალი ადამიანების მიერ და ადამიანებით დაკომპლექტებული. შემდეგ გამოიკვეთა გარემოებები, რომ ამ ყველაფერში აუცილებლად უნდა შემოსულიყო საწვავის კომპონენტი, აუცილებლად უნდა შემოსულიყო მედიკამენტების, ფარმაცევტიკის კომპონენტი.

გავიხსენებ ასევე უსამშობლოთა ქსელის რეაქციას, პირველივე დღეს დადგნენ მაღალი ფასების გვერდზე და ამით კიდევ ერთხელ ანახეს სახე - თითოეული მათი გამოსვლა თუ ხმამაღალი წუხილი მაღალ ფასებთან დაკავშირებით იყო სრული პოპულიზმი.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აქ რაღაც გადაწყვეტილება არის მისაღები. დადგა ეს საკითხი, ოღონდ ყველაზე მთავარი, ის მთავარი ღირებულება, ის მთავარი ფასეულობა რიტაც მოვედით 2012 წლიდან და რაც ეხება ბიზნესს, ვინ ვინ თუ არა ეს ბიზნესმა იცის ყველაზე კარგად 2012 წლის შემდეგ, რომ ეს უნდა მოხდეს ბიზნესის მაქსიმალური ჩართულობით. ეს უნდა მოხდეს სრული სინერგიის, პირველ რიგში ბიზნესის, აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობით. ერთად უნდა მივიღოთ ეს, ერთად უნდა ვიმსჯელოთ, ერთად უნდა შევისწავლოთ და ვნახოთ გამოსავალი.

დარწმუნებული ვარ, ბიზნესთან ერთად დავდებთ იმ შედეგს, რომელი შედეგიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოსახლისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.