1693080603
ირაკლი ფავლენიშვილი - სკანდალურია ხოლმე ტრამპის განცხადებები, თუმცა მიზანი არ შეცვლილა, მას სურს, დამყარდეს სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში, რითაც აშშ, უკრაინა, ევროპა, საქართველო კმაყოფილი იქნებიან

ტრამპს სურს, დამყარდეს სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში და ეს არის ის, რითაც არა მხოლოდ უკრაინა, ევროპა და აშშ იქნებიან კმაყოფილი, არამედ საქართველოც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ტრამპის განცხადებები ხმაურიანი და სკანდალურია ხოლმე, თუმცა მიზანი და დღის წესრიგი არ შეცვლილა.
„რა მნიშვნელობა აქვს, განცხადებები როგორ გაკეთდება, მთავარია, საქმე გაკეთდეს და სამართლიანმა მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში. ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, რა მოხდება უკრაინაში. რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები თუ დაკმაყოფილდა უკრაინაში, ეს იქნება იმის გარანტი, რომ რუსული იმპერიის აღდგენის ოფიციალური გაფორმება შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოხდეს. ეს საქართველოსთვის მთავარი პრობლემა და საფრთხეა. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპიც, ევროპელებიც მიაღწევენ წარმატებას, რომელთაც სურთ სამართლიანი მშვიდობის დამყარება და რუსეთის იმპერიული ამბიციების შეკავება, ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. რუსეთის უკრაინაში შეკავება ნიშნავს, რომ რუსეთის შეკავება უნდა მოხდეს საქართველოშიც, მოლდოვაშიც და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რუსეთს თავისი იმპერიალისტური მიზნები აქვს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.