იმის გამო, რომ სააკაშვილს ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე - კახა კალაძე

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გუშინ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას. მისი თქმით, კრიტიკა ზუსტად იმ ადამიანებისგან ისმის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეებს აუბედურებდნენ.

„ზოგადად, ვინც რაიმეს აპროტესტებს ქვეყანაში, უნდა დავყოთ ორ ნაწილად: ერთია რადიკალების დაჯგუფება და კარგად ვიცით, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ - ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, მათი მდიდარი NGO ორგანიზაციები, ის რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან; ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. მე ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობ. მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგალითად, 26 მაისის ღონისძიება რომ ჩაეტარებინათ, გვახსოვს როგორ იმოქმედეს, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ხალხი დახოცეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დახოცეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შემდეგ კი, გარდაცვლილი ადამიანები „შემოალაგეს“ ჯიხურების თავზე და ხალხს უმტკიცებდნენ, თითქოს ფატალური შემთხვევა მოხდა და მათ დენმა დაარტყა. იმის გამო, რომ სააკაშვილს იქ ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ დაჯგუფებებს, რადიკალებს არც ევროპასთან, არც ადამიანის და არც ქვეყნის სიყვარულთან. ისინი უსამშობლო რადიკალები არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.