იმერეთის რეგიონში საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს

რევაზ სოხაძე

„დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად, ადგილზე გავეცანით ჭიათურის, ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობას. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვანში მიმდინარე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

თითოეული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა დასრულდება, ხოლო ჭიათურის ცენტრი ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა.

ტექნიკური ცენტრები შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის ზრდას, ისე რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა გამართეს წყალტუბოში უეფას III კატეგორიის, ტრიბუნიანი საფეხბურთო სტადიონის პროექტის ავტორებთან. უეფას III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი, არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის პროექტირება. პროექტზე კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სტუდია 9” მუშაობს.

„ვიმედოვნებთ, რომ საპროექტო სამუშაოები უახლოეს კვირებში დასრულდება და უკვე წელს შესაძლებელი იქნება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია როგორც მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, რომელიც ქართულ ფეხბურთს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს,“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ახალი სპორტული კომპლექსი გათვლილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩების მასპინძლობაზე. არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, მოეწყობა თანამედროვე გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, დოპინგ-კონტროლის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და მედიაცენტრი. პროექტი ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების, განათების, გახმოვანებისა და ვიდეოსამეთვალყურეო თანამედროვე სისტემების მოწყობას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასა და ავტოსადგომს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სპორტული სივრცეების შექმნას მათი პოტენციალის სრულად გამოსავლენად.