1747034530
იმ ორგანიზაციაში, რომლის წევრობაც გვინდა, მივესალმებით გამჭვირვალობას, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან - ნიკოლოზ სამხარაძე

ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და ყოველთვის არსებობდა, თვალებს ხუჭავდნენ. ჩვენ გავბედეთ და ერთ-ერთი პირველი ვიყავით მსოფლიოში, ვინც ამაზე ხმა ამოვიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა კითხვაზე, რომლის მიხედვით, „ევროპარლამენტში ერთ ჯგუფს ინიციატივა აქვს, რომ არაფორმალური გავლენების გამოძიება მოხდეს“.
სამხარაძის თქმით, როგორც სახელმწიფო, საქართველო ყველანაირ გამჭვირვალობას მიესალმება.
„გახსოვთ, რამხელა კრიტიკა და სიძულვილის ნიაღვარი მოჰყვა ყველა მცდელობას. კარგია, ქართულ გამოცდილებას თუ გადაიღებენ და მივესალმებით. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ყველანაირ გამჭვირვალობას მივესალმებით. იმ ორგანიზაციაში, რომლის წევრობაც გვინდა, ასევე მივესალმებით გამჭვირვალობას, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.