პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მე არ ვფიქრობ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ფუნდამენტური მნიშვნელობის ეკონომიკური ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ, რითაც უპასუხა შეკითხვას - სად ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების როლს შავი ზღვის რეგიონში ამ გეოეკონომიკური პროექტების ფონზე და როგორია ევროკავშირის როლი?
გადაცემის წამყვანის განცხადებით, ის ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ჯერ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრისა და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის, შევარდნაძის ადმინისტრაციის პირობებში აზერბაიჯანის ლიდერთან, უფროს ალიევთან თანამშრომლობით შედგა, დღესდღეობით მეტად ღრმავდება და მრავალფეროვანი ხდება. მისივე თქმით, ეს დერეფანი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და გეოპოლიტიკური გარემოს ცვლილების ნაწილიცაა. კასრაძემ თავის შეკითხვაში ისაუბრა დღევანდელი ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებზე საგარეო პოლიტიკის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მმართველი გუნდის ქმედებები დასაფასებელია.
„ის ფუნდამენტური პუნქტები რომელთა უზრუნველყოფაც მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] შეძლეს საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ვგულისხმობ - რუსეთის ფედერაციის მიმართ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, სანქციების დაწესებისკენ მოთხოვნისთვის წინააღმდეგობის გაწევას - ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელია. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ზეწოლას რომელიც მათ იწვნიეს, უკრაინაში ომის საწყის თვეებში განსაკუთრებით. გეოეკონომიკური თვალსაზრისით, ყველამ ვიცით, 90-იანი წლების დასაწყისიდან, როგორი დიდი გეოეკონომიკური დატვირთვის მატარებელი იყო ეს მილსადენები. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრისა და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის, შევარდნაძის ადმინისტრაციის პირობებში, აზერბაიჯანის ლიდერთან, უფროს ალიევთან თანამშრომლობით შესანიშნავი ეკონომიკური პროექტები რეალობად იქცა და ეს კრემლის არცთუ ისე გასახარად. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ პროექტებმა საქართველოს მსოფლიო რუკაზე შესაბამისი ადგილი დაუბევეს, განსაკუთრებით კი დასავლეთის გადმოსახედიდან. ახლა კი მოწმენი ვართ, ამ გეოეკონომიკური პროექტების გაღრმავებისა, ვხედავთ მათ გამრავალფეროვნებასაც, გეოეკონომიკური თვალსაზრისით, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. ეს დერეფანი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ეს დერეფანი რეგიონში გეოპოლიტიკური გარემოს ცვლილების ნაწილია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სად ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების როლს შავი ზღვის რეგიონში, ამ გეოეკონომიკური პროექტების ფონზე? ასევე როგორია ევროკავშირის როლი?“, - მიმართა ლაშა კასრაძემ იან პრაუდს.
დიპლომატის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის ენერგოდერეფანი, ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანია ასეთ დროს, როდესაც ენერგორესურსები ასეთი მასიური, დიდი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი საკითხია ევროპაში.
„მე არ ვფიქრობ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ფუნდამენტური მნიშვნელობის ეკონომიკური ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ამერიკის შეერთებული შტატების, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, ბოლო 10 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცვლილება გახლავთ გაზის ექსპორტის ზრდა ევროპაში. ამერიკის შეერთებული შტატები ახალისებს ევროპას, რომ შეამციროს მისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე, გამომდინარე აქედან აშშ-დან თხევადი აირის ექსპორტი ევროპაში გაზრდილია, ის კი გაცილებით ძვირია. ეს გეოეკონომიკური დაძაბულობა კი ყოველდღიურად იგრძნობა. ევროპული კომპანიები როგორიც „ფოლქსვაგენია”, უკვე ვეღარ აწარმოებენ გერმანიაში. წარმოების ფასები გაზრდილია, ელექტროენერგიის ფასები გაზრდილია. რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვის ჩაჭრის შედეგად აირის ფასებიც გაზრდილია. ეს გახლავთ ამჟამად ყველაზე დიდი გეოეკონომიკური დაძაბულობის მიზეზი, ეს კი საბოლოო ჯამში, ირონიულია, მაგრამ სწორედ ეს გამოიწვევს ევროპის ამერიკასთან დამაკავშირებელი ხაზების დაზიანებას, როგორც საშუალო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ ეს არის მთავარი კითხვა და გამოწვევა ამავე დროს. საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ენერგოდერეფანი, ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანია ასეთ დროს, როდესაც, ჩემს მიერ უკვე ნახსენები მიზეზების გათვალისწინებით, ენერგორესურსები ასეთი მასიური, დიდი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი საკითხია ევროპაში. რაც შეეხება ნაბიჯებს რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი დგამენ - ეს სწორი ნაბიჯებია. ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს როგორც რეგიონული მოთამაშე, რომლებიც ჩართულნი არიან საკმაოდ მაღალ მოთხოვნადი პროდუქტის საკმაოდ რაციონალურ ფასად მიწოდებაში. ეს დინამიკა კი თანხვედრაშია რუსული, ალტერნატიული წყაროს შემცირებასთან, ბაქო და თბილისი მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური განზომილებით უდგებიან ამ საკითხს და მიმაჩნია რომ ეს სწორი მიდგომაა“, - განაცხადა დიპლომატმა.
ცნობისთვის, იან პრაუდი, გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში 1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდა 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში.
იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით და ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში.
2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი.
მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში.
იან პრაუდი იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე - თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.