1745440671
გუშინდელი ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან იმართებოდა, რასაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს, რომლის თანახმად, რუსმა პრანკერებმა ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს დაურეკეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრნენ. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომლებიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ე.წ. შავი ფული, რა თქმა უნდა, მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გუშინდელი ვიდეოჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს. მათ არც სამშობლო გააჩნიათ, არც საკუთარი ოჯახი. ისინი პირდაპირ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ და იმართებიან გარედან“, – განაცხადა კახა კალაძემ.