გურამ მაჭარაშვილი: თუ ვნახავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ეს პირველ რიგში, საქართველოზე აისახება. სხვა ქვეყნები არ განიცდიდნენ ისეთ ზეწოლას, როგორსაც განიცდიდა საქართველო

მაჭარაშვილი

ტრამპს ვუსურვებთ, რომ რა პოლიტიკაც აქვს, ბოლომდე მიიყვანოს და ამით შესუსტდეს გლობალური ომის პარტია, ამის ტესტი კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იქნება, - აცხადებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, დიფ სთეითისგან საქართველო ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდიდა და ამიტომაა ჩვენი ქვეყანა ერთგვარი ტესტი იმისა, დაამარცხებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რეალურად ამ არაფორმალურ გავლენებს.

„თუ ვნახავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეასუსტებს დიფ სთეითს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ეს იქნება საქართველოზე ასახული და ამას ვიგრძნობთ ჩვენ. სხვა ქვეყნები არ განიცდიდნენ ისეთ ზეწოლას, როგორსაც განიცდიდა საქართველო. ამიტომ, ტრამპს ნამდვილად ვუსურვებთ იმას, რომ რასაც საუბრობს, რა პოლიტიკაც აქვს, ბოლომდე მიიყვანოს და ამით შესუსტდეს გლობალური ომის პარტია, ამის ტესტი კი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა იქნება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.