1751644200
გურამ მაჭარაშვილი - რეზოლუციაში ცვლილებები ისტორიას მათ სამარცხვინოდ დარჩება, ქართველი ხალხის სასიკეთოდ კი დარჩება ეუთო/ოდირის დასვნა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით

არჩევნებთან, გაყალბებასთან და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები დასრულებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს და თუ ვინმე მანდატს არ იყენებს, მით უფრო, ისეთი ტიპის ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც 40% აქვს, ეს მათი ბრალიაო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმედია, ევროკავშირშიც, ბრიუსელშიც და ბიუროკრატიაშიც გადახედავენ ეუთო/ოდირს, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნის დაწერის უფლება აქვს.
„არჩევნებთან, გაყალბებასთან და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები დასრულებულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა წერტილი დასვა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს და თუ ვინმე თავის მანდატს არ იყენებს, მით უფრო, ისეთი ტიპის ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც 40% აქვს, ეს მათი ბრალია. ეს არის მოცემულობა. იმედი გვაქვს, ევროკავშირშიც, ბრიუსელშიც და ბიუროკრატიაშიც გადახედავენ ეუთო/ოდირს, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნის დაწერის უფლება აქვს. რეზოლუციას რაც შეეხება, პირველი, ჩვენ ასეულობით რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი, სადაც საუბარი იყო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე და მხარდაჭერაზე, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ უილსონთან ერთად, რომელიც საქართველოს გაცხადებული მოწინააღმდეგეა, უკრაინის ხელისუფლება აღმოჩნდა ისეთი რეზოლუციის ავტორი, სადაც საქართველოსთან მიმართებით უსამართლო საუბარია არჩევნებზე და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. უკრაინის დელეგაციის მხრიდან რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან დასანანია. სამწუხაროდ, უკრაინის დელეგაცია დადგა უილსონის გვერდით, რაც კიდევ ერთხელ მტკიცებულებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არის სწორედ ის „დიფ სთეითი“, რომლის წარმომადგენლობაც ახლა უკრაინის ხელისუფლებაში ზის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის ავტორობოთ რეზოლუციაში სიმართლე ჩაიწერა, მათ შორის, საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, რასაც ქართული დელეგაციის მხრიდან ექნებოდა მხარდაჭერა, შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნებოდა ჯო უილსონის არასწორ, არასამართლიან და წინააღმდეგობრივ წინადადებებს.
„რეზოლუცია რეზოლუციად, მაგრამ ეუთო/ოდირი და მისი გენერალური მდივანი წერტილს სვამს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. რეზოლიციები, რეზოლუციაში ცვლილებები და ა.შ. ისტორიას მათ სამარცხვინოდ დარჩება, მაგრამ ჩვენ და ქართველი ხალხის სასიკეთოდ დარჩება ეუთო/ოდირის დასვნა, ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თოთქოს ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ გასაკვირი იქნებოდა „ოპოზიციური მედიის მხრიდან სწორი ინფორმაციის გავრცელება, თორემ დეზინფორმაციას რომ ავრცელებენ, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის“.
„მათი მთავარი მიზანია საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება. თერზე შავს ამბობენ, ყველაფერი პირიქით თქვეს, მაგრამ ტყუილს დღევანდელ სამყაროში ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ტყუილს როდესაც ამბობ, წამებში იშიფრები, ამ ტყუილმა შეიძლება, 5-10 ან 15 წუთი გაძლოს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773