გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება - პარტნიორული ურთიერთობები გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს

მაჭარაშვილი

საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება.

„საქართველოს საზოგადოება გაზრდილია და კარგად აანალიზებს, რა არის დეზინფორმაცია და რა - სწორი ინფორმაცია. ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეიცვალა მიდგომები, იქნება ეს აღიარების პოლიტიკა თუ სხვა საკითხები. მაგალითად, კაია კალასს არ აღიარებს მარკო რუბიო - ერთი ევროკომისარია, საგარეო პოლიტიკას მართავს, მეორე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი; დონალდ ტრამპი არ აღიარებს ევროკავშირის პოლიტიკას; აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპაში ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას, პირდაპირ უთხრა ევროპას, რომ მათი პრობლემაა არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ ევრობიუროკრატია. მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თანამშრომლობას.

ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ევრობიუროკრატიას ჰქონდეს ზეწოლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც არ დაემორჩილა და არ დაემონა მის მითითებებს. ჩვენ მათ არ ჩავაბარეთ ქვეყნის სუვერენიტეტი. ახლა გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე (ოთხი წლის წინ ამაზე დუმდნენ) და არ მალავენ იმას, რომ ქვეყანა, რომელიც შევა ევროკავშირში, არ იქნება სრულუფლებიანი წევრი, მას არ ექნება ვეტოს უფლება. მეტიც, დღეს მათაც კი აშინებენ, ვისაც აქვს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება და უნგრეთი ამის კლასიკური მაგალითია.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება ამერიკაში და გაეროს 81-ე სესიის ფარგლებში 24 სექტემბერს მოხსენებითაც გამოვა. ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს არაერთი პირდაპირი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ეს შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 4 წლის წინ, როდესაც გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ და შევქმენით „ხალხის ძალა“, ვთქვით, რომ მოვა დრო და საქართველოს მიმართ ინტერესი გაჩნდება. ჩვენი ინტერესი არ არის მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოსვლა, სხვადასხვა ფორუმებში მონაწილეობა და პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებთან, არამედ ჩვენი სურვილია, მათი ინტერესიც გახდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება. და, როგორც ჩანს, ახლა დგება ეს დრო.

გაეროში პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, წარმატებული ვიზიტი ექნება. შალვა პაპუაშვილი საკუთარ სათქმელს იტყვის და მორიგ ჯერზე დამტკიცდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება.

პარტნიორული ურთიერთობები გვექნება მასთან, ვინც აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს. თუმცა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდით კვლავ გაგრძელდება - დაფინანსებით, იდეოლოგიურად და ა.შ. ამ ეტაპზე, რადიკალური ქმედებების მასშტაბები აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს მასშტაბები არ გაიზრდება.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ევროკავშირიდან არის დაფინანსებული ღონისძიება, სადაც მიწვეულია მომღერალი, რომელმაც მილიონობით ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა. სად არის ევროპული ღირებულებები? ამას ხედავს საზოგადოება კარგად და ამიტომაც აღარ სჯერათ ევრობიუროკრატიის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.