გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ისინი ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის

გურამ მაჭარაშვილი

უცხოური ძალის წარმომადგენლები საქართველოში რადიკალური ოპოზიციის სახით ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და ეს დადასტურდა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ მათივე ამომრჩეველმა არ დაუჭირა მხარი, პრაქტიკულად წააგეს ასევე არჩევნები ქუჩაში და მერე რა გააკეთა ოპოზიციამ? თავის ამომრჩეველთან კი არ წავიდა და კი არ აუხსნა, რომ აბა რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ აპროტესტებთო? წავიდნენ უცხოეთში ბოკუჩავა, გვარამია, ყველა წავიდა უცხოეთში. რატომ წავიდნენ უცხოეთში? უცხოეთში არის საქართველოს საზოგადოება? თუნდაც მათი ამომრჩეველი? – 700 ათასი ადამიანი?“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია უცხოეთში ინსტრუქციის მისაღებად გაემგზავრა.

„ეს ხალხი პირდაპირ კავშირშია მათ პატრონებთან, რომელთა დრო მართალია წავიდა და 2025 წლიდან აბსოლუტურად სხვა მსოფლიო იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ, როგორც ჩანს რაღაც ძალები აქვთ შემორჩენილი და უნდათ რომ ახლა მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სხვანაირად მიდის მსოფლიოში, უკრაინაში ჯერ კიდევ ომია, გადალაგების პროცესი ჯერ მთლად ბოლომდე არ არის დამთავრებული არც ამერიკაში, არც ევროკავშირში და ამიტომ თქვეს, რომ მოდით, ჯერ იქნებ საქართველო რაღაცნაირად ჩავითრიოთ ან ომში, ან რევოლუციური სცენარი მოვაწყოთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისინი აქეთკენ მიდიოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მერე სიურპრიზად გამოეცხოთ საქართველოს საზოგადოებისთვის. მართალია, საქართველოს საზოგადოება გაიზარდა და ამას კარგად მიხვდებოდა, რომ, ესეც იყო შანტაჟია მაგალითად, 16 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რატომღაც არავინ არ საუბრობს საქართველოს მიღწევებზე, რომლებსაც თავად ევროპული ინსტიტუტები აღიარებენ.

„ნებისმიერი ადამიანი გააჩერეთ და ჰკითხეთ, რომლებიც აქციაზე გამოდიან, ევროპის ინსტიტუტები, როდესაც აფასებენ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს და იქ საქართველო დაწინაურებულია, როგორ შეიძლება ჩათვალო, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეჩერებულია საქართველო, ეს ხომ არ მოითხოვს უმაღლეს განათლებას, წერა-კითხვა უნდა იცოდე ელემენტარულად და ნახო ის საერთაშორისო დასკვნები“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის განცხადებას და მას დეზინფორმაცია უწოდა, რომელმაც მის პიროვნებას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.

„ჯერ ერთი ტყუილები არ უნდა იკადრო ევროკავშირის ელჩმა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადება იყო აბსოლუტურად სულ სხვა რაკურსში ნათქვამი, რომ ჩვენ კი არ ვაჩერებთ, შენ არ მელაპარაკები, როდესაც მე უკვე იმის ღირსი ვარ, რომ დამელაპარაკო, რადგან შენივე ინსტიტუტები ყოველ კვირას მაფასებენ, რომ პოზიტიურად ვმეცადინეობ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირი გამოდის და ამბობს, რომ არ დაგელაპარაკება და ესაუბრება სახელმწიფოებს, რომლებსაც საქართველოზე უარესი შედეგები აქვთ. მაჭარაშვილის თქმით, სწორედ ესაა შანტაჟი.

„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩს ვინ უნდა დაუჯეროს, როდესაც ტყუილს ლაპარაკობს ელემენტარულად. ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თვითონ აქვთ გაჩერებული. ჩვენ ვამბობთ, რომ შანტაჟის საშუალებას არ მოგცემთ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიციას აღარაფერი აღარ აქვს ხოლმე სათქმელი მაშველი რგოლის სახით ხან კანდიდატის სტატუსს არ იძლევა ევროკავშირი, ხან თანხებს. ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა.

„მაბრალებ, რომ არადემოკრატიული გზით მივდივარ, არ ვმეცადინეობ, ამას მეუბნები მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, ასეთი მდგომარეობაა, იმაზე ამბობ, რომ დემოკრატიაა და აქ როდესაც შენივე ინსტიტუტები, რომ მეუბნებიან, რომ დემოკრატია წინ არის წასული, შენ ამას პირიქით მიტრიალებ. ასეთი შანტაჟი რომ აღარ იყოს ჩვენ ვხსნით დღის წესრიგიდან და არა იქიდან, რომ აღარ ვიმუშავებთ. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ 2028-ში ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ორ წელიწადში, როდესაც გაიხსნება ევროკავშირის კარი და თვითონ აქვს ნათქვამი, რომ 2030-ში გახსნის მანამდე არა, ჩვენ ვიქნებით მზად წევრობისთვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.