გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას შოკი მართლაც გაუგრძელდება, იმიტომ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმების მსურველ უცხოურ ძალას

გურამ მაჭარაშვილი

„ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით ოპოზიციაში გამოწვეულ რეაქციაზე გააკეთა კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის შოკი გამოწვეულია იმით, რომ დასახელებული კანდიდატის მიმართ არავის აქვს კითხვის ნიშანი და ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დამცველი.

„ოპოზიციას მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით შოკი დიდ ხანს ექნება. ჯერ ისედაც შოკირებულები იყვნენ იმ მარცხით, რომელიც მელიქიშვილზე განიცადეს. შოკი კი, მართლაც გაუგრძელდებათ, იმიტომ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ინტერესების გამტარებელი, ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად დაუპირისპირდა იმ უცხოურ ძალას, რომელსაც უნდა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება.

მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს აღდგენა პრეზიდენტის ინსტიტუტის, რომელსაც დაკარგული ჰქონდა ღირსება. ის რეალურად იყო არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალების ინტერესებს გამტარებელი და მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით, მოხდება ამ ინსტიტუტის აღდგენა," - განაცხადა დეპუტატმა.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა იმაზეც, რომ ოპოზიციის მსგავსად, ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელებას აზრთა სხვადასხვაობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც მოჰყვა. თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ასე არ არის. „ქართული ოცნების“ და ზოგადად ჩვენს მხარდამჭერებს ჰქონდათ რეაქცია. ჩვენ მოგვდის შეტყობინებები და ისინი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია. ოპოზიციის (შეიძლება ჩვენი მხარდამჭერების განცვიფრებაც კი) გამოიწვია იმან, რომ არ მოელოდნენ ისეთი კარგი კანდიდატის დასახელებას, ვის მიმართაც კითხვის ნიშანი საერთოდ არ იქნებოდა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.