გურამ მაჭარაშვილი: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე

მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღეს ევროპული სტრუქტურები საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს ებრძვიან. მისი თქმით, ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ადამიანების შეურაცხყოფისგან დასაცავად და სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად შეიქმნა, დღეს საპირისპიროდ მოქმედებს და სწორედ რადიკალიზმს აფინანსებს.

"დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. ანუ, ებრძვის იმას და იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ადამიანების დაცვა შეურაცხყოფისგან, სიძულვილის ენის აკრძალვა და ასე შემდეგ. ამისთვის, ამ ღირებულებებისთვის შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, რომ სუვერენიტეტი დაცული ყოფილიყო ქვეყნების, სიძულვილის ენა არ ყოფილიყო, ამას ბრძოლა სჭირდებოდა და ასე შემდგომ. დღეს პირიქით არის...“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, ფესტივალ "კამარას" ფარგლებში დაგეგმილი მუსიკოსისა და აქტივისტის, "კორძის" კონცერტის მხარდამჭერები დანიის კულტურის ინსტიტუტი და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან. აღნიშნული სტრუქტურები "რუსთავი 2-ის" შეკითხვას, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას ღონისძიების შინაარსზე, ამ დრომდე არ პასუხობენ.