"გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელი და დამაზიანებელია ჩვენი მიზნებისთვის" - იოსებ ტყემალაძე

იოსებ ტყემალაძე

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სპორტსმენებზე, კერძოდ კი მორაგბეებზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი. იოსებ ტყემალაძე მოუწოდებს ყველას, მათ შორის თავად მორაგბეებსაც, შეწყვიტონ ზეწოლა და "ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს".

"გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიზნისთვის, რისკენაც მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად.

გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო, რომ არა "ფონდი ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი, დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რომელიც აქვთ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რომლებიც გაგვაჩნია. ასევე, მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით, დღეს საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირებში," - წერს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.