გუნდის მიერ, რომელმაც ოფიციალურად შეაჩერა ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ძალიან ირონიულია სხვაზე გადაბრალება, რომ თითქოს ვინმე აფუჭებს ურთიერთობას საქართველოს და თუნდაც ევროკავშირს შორის - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

დღეს ოპოზიცია ბრიუსელში შეხვედრებს იწყებს - ბელგიაში კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები გაემგზავრნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს ლიდერებს შეხვდებიან.

მათივე თქმით, ისინი მუშაობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ, სანქციები გამკაცრდეს.

“გუნდის მიერ, რომელმაც შეაჩერა ოფიციალურად საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა ჩვენი ურთიერთობები დასავლურ სახელმწიფოებთან და ყველა დასავლურ პარტნიორთან, ძალიან ირონიული გახლავთ სხვაზე გადაბრალება იმის, რომ თითქოსდა ვინმე აფუჭებს ურთიერთობას საქართველოს და თუნდაც ევროკავშირს შორის.

არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური საკითხი, რომელიც განიხილება ჩვენი წარმომადგენლების ვიზიტების დროს, თუნდაც უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა, ეს არის ის ქმედება, რომელიც აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობოდით იმ ზომებს, რომელიც იქნებოდა მიმართული კონკრეტულად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე  ირაკლი ფავლენიშვილი.