გრიგოლ გეგელია ალეკო ელისაშვილზე: ის არის ერთ-ერთი ძლიერი, პოტენციური კანდიდატი - მას თბილისში ძალიან სოლიდური მხარდაჭერა აქვს

გრიგოლ გეგელია

"კურიერის" ინფორმაციით, "ლელო" და გახარიას გუნდი მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს 31 ივლისს წარადგენენ. პრეზენტაციისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.

პარტიებში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "ლელოში" ადასტურებენ, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

"არაფერს არ გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ. გითხარით, რომ ვმსჯელობთ. ძალიან საინტერესო პროცესი გვაქვს მსჯელობის და ძალიან მალე შევატყობინებთ საზოგადოებას, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ის [ალეკო ელისაშვილი] არის ერთ-ერთი ძლიერი, პოტენციური კანდიდატი. მას აქვს ძალიან სოლიდური მხარდაჭერა თბილისში, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ის არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენი კანდიდატები იქნებიან აპრიორი პარტიული ან აპრიორი - არაპარტიული. ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია და სხვა კოლეგებსაც მინდა მოვუწოდო, ფოკუსი გაასწორონ", - განაცხადა ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.

"კურიერმა" ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა. მაშინ ამ ინფორმაციას ორივე პარტიაში კატეგორიულად უარყოფდნენ.