1757870206
გივი მიქანაძე: ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელს, მასწავლებელს, მშობელს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. შესაბამისი განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 53-ე საჯაროში სკოლაში გააკეთა, სადაც მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
„ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელს, მასწავლებელს, მშობელს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც პირველად შეაბიჯებენ სკოლაში და მიუსხდებიან მერხს“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საჯარო და კერძო სკოლებში ერთად 48 ათასამდე პირველკლასელი იწყებს სწავლას და სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, გრძელდება საჯარო სკოლების უზრუნველყოფა უფასო სახელმძღვანელოებითა და რვეულებით. ასევე, მან აღნიშნა, რომ წელს სკოლებში გააქტიურდება საკლუბო მუშაობა.
„განათლების რეფორმა რჩება სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად, იმიტომ რომ განათლებული, სწორად აღზრდილი, ჯანსაღ გარემოში აღზრდილი საზოგადოება არის ის სიძლიერე, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მომავლისთვის არის აუცილებელი“, - დასძინა მინისტრმა.