გივი მიქანაძე: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევა რომ სანდო არ არის, ცალსახაა. ის კონკრეტულად ხაზარაძე/ჯაფარიძის დაკვეთით ჩატარდა

გივი მიქანაძე

 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 54% ამბობს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩვნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მიქანაძე მიიჩნევს, რომ კვლევა სანდო არ არის და „ლელოს“ ლიდერების დაკვეთით ჩატარდა.

„ეს კვლევა რომ სანდო არ არის, ცალსახაა. ის არის კონკრეტულად ხაზარაძე/ჯაფარიძის დაკვეთით ჩატარებული კვლევა. ჩვენ ვხედავთ სცენარს, როდესაც გარე ძალების მიერ მართლი რადიკალები გაყოფილნი არიან ორ ჯგუფად. ერთნი ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო მეორენი, რომლებსაც თითქოსდა ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვთ, რეალურად ემზადებიან არჩევნებისთვის. ფაქტი არის ერთი - საზოგადოების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა ამ ძალებს არ გამოუვათ“, - მიიჩნევს მიქანაძე.

სოციალური კვლევისა დაანალიზის ინსტიტუმა რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისს ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2 000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. ცდომილება განსაზღვრულია 2,2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.