გივი მიქანაძე: მასწავლებლებს უდიდესი მისია გაკისრიათ და მას ღირსეულად ასრულებთ – ეს არის ყველაზე პატრიოტული, ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება ადამიანმა ქვეყნის სასიკეთოდ აკეთოს

გივი მიქანაძე

მასწავლებლებს უდიდესი მისია გაკისრიათ და მას ღირსეულად ასრულებთ – ეს არის ყველაზე პატრიოტული, ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება ადამიანმა ქვეყნის სასიკეთოდ აკეთოს. ქედს ვიხრი თითოეულის წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტია თქვენი მხარდაჭერა და თქვენთან ურთიერთობა, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სითბო, პატივისცემა და სიყვარული თქვენ მიმართ. ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს დგას პედაგოგის პროფესია, რადგან ჩემი პირველი ცხოვრებისეული გამოცდილება სწორედ მასწავლებლობას უკავშირდება - უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.

ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ამ პერიოდს, დღესაც ვმეგობრობ ჩემს მოსწავლეებთან და მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. დღემდე ვასწავლი არაერთ უნივერსიტეტში, რადგან ახალგაზრდებთან ურთიერთობა და სასწავლო პროცესში ჩართულობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამიტომ არ გეგონოთ, რომ თქვენ წინაშე დგას მხოლოდ მინისტრი, ან პოლიტიკოსი. პირველ რიგში, მე ვარ მასწავლებელი, რომელიც ამაყობს იმით, რომ პირველი პროფესიული ნაბიჯები სკოლის კედლებში გადადგა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.