გივი მიქანაძე, ლიკა შარტავა და ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

სამგორის რაიონი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონში საჯარო სკოლებს ეწვივნენ.

დეპუტატებმა 82-ე, 168-ე, 217-ე, 156-ე და გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს.

„თბილისის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით, უკვე ვეწვიეთ ნაძალადევის, ჩუღურეთის, გლდანისა და საბურთალოს რაიონების სკოლებს. დღეს ვიმყოფებით სამგორის რაიონში, სადაც სკოლების საჭიროებებს ადგილზე გაეცანით და მომავალი წლისთვის დავსახეთ პრიორიტეტები“, - განაცხადა ლიკა შარტავამ.

როგორც სამგორის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, პარლამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი მიზანია დროულად გადაიჭრას ის საჭიროებები და გამოწვევები, რომლებიც სკოლებს აქვთ.

„სამგორის რაიონში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 5 სკოლას ვესტუმრეთ. სკოლებში სპორტდარბაზების, ბიბლიოთეკებისა და სხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გავეცანით“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სამგორის რაიონის საჯარო სკოლებში ასევე იმყოფებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.