ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1746884367
ის გარემოება, რომ ეუთოს გენერალური მდივანი ახლა სტუმრობს საქართველოს და მას აქვს უმაღლესი რანგის შეხვედრები, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეუთოსთვის საქართველო ღირებული ქვეყანაა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია.
„რაც მთავარია, ეს უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, იმ ფართო სურათის ფორმატში, რომელიც მთლიანად ეუთოსთვის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც შექმნილია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიზნით, არის პრიორიტეტი. ის გარემოება, რომ ეუთოს გენერალური მდივანი ახლა სტუმრობს საქართველოს და მას აქვს უმაღლესი რანგის შეხვედრები, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეუთოსთვის საქართველო ღირებული ქვეყანაა. მასთან თანამშრომლობა ეუთოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ასევე იმ ფუნქციით, რომელიც საქართველოს არასდროს დაუკარგავს და ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ნეიტრალური პოზიცია იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობამ საბოლოოდ დაისადგუროს. ამ კონტექსტში ჩვენ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმების მიღწევა სამშვიდობო შეთანხმებასთან მიმართებაში. ამასთანავე, ჩვენ ღიად და საჯაროდ ვთავაზობთ, რომ ეს განხილვები და შეთანხმებაზე ხელმოწერა თბილისში განხორციელდეს, ესეც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია.
ასევე, შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, სადაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა განიხილეს მიმდინარე პროცესები. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში და იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს. თამაშობს კიდევაც და თავის ნეიტრალურ პოზიციას მაქსიმალურად იყენებს იმისათვის, რათა რეგიონში მშვიდობის კომპონენტი იყოს აქტუალური და მშვიდობაზე ორიენტირებით ჩვენ ერთობლივად გავაგრძელოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ამიტომ, ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, უაღრესად დროულია როგორც თავისი პოლიტიკური დანიშნულებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რაზეც ეუთოს გენერალურმა მდივანმა მშვიდობასა და სტაბილურობაზე არაერთხელ საჯაროდ გააკეთა განცხადება. კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მზარდ და მნიშვნელოვან როლზე ამ პროცესებში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.