1745397302
გივი მიქანაძე ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე: რადიკალები ცდილობენ შექმნან მცდარი განწყობები თითქოსდა ხელისუფლებასთან საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა არ მიმდინარეობს. ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი ცივი შხაპი მათ განცხადებებზე

რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ყველანაირად ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში შექმნან მცდარი, არასწორი განწყობები თითქოსდა საქართველოს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებასთან საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა არ მიმდინარეობს. ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი მორიგი ცივი შხაპის გადასხმა მათ გაცხადებებზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ ამ ვიზიტის მნიშვნელობა გააუფასურონ, ეს არ გამოუვათ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იმდენად იმედგაცრუებული არიან, რომ ცდილობენ, რაღაც ფორმით გააუფასურონ ამ ვიზიტის მნიშვნელობა. თუმცამ მათ ეს არ გამოსდით იმიტომ, რომ ვხედავ რაოდენ მაღალი რანგის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თავისი დანიშნულებით, მიზნებით და ფუნქციებით საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არის ჩამოსული და რა საკითხებზე მიმდინარეობს საუბარი საქართველოს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებასთან და როგორ იკვეთება საქართველოს მზარდი როლი, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე, იმ მნიშვნელოვან საკითხებში, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
ამიტომ ეს უსუსური მცდელობები არაფრის მომცემია თუ არა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ადამიანები, რადიკალური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი საზოგადოების ინტერესების საზიანოდ. ამით ისინი მხოლოდ თავის თავს იზიანებენ. ხოლო ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას ვერაფერს დააკლებენ იმიტომ, რომ ქვეყანა მიდის წინ, ქვეყანა ვითარდება. ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო შეფასება მსოფლიო ბანკის მხრიდან, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი, მსყიდველობითუნარიანობა თითოეულ მოსახლეზე 21-ე საუკუნეში განსაზღვრა, როგორც მზარდი ეკონომიკის კონტექსტში მსოფლიოს სამეულში შემავალი ქვეყნების კატეგორიაში და ეს მონაცემები მათი შეფასებით 2030 წლამდე ნარჩუნდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმებოდა იანვარში. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ზეწოლის და წნეხის და არაერთი განცხადების შედეგად, მან გადადო დროებით ეს ვიზიტი. თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად ახლო მომავალში შედგება. ეს არის გაგრძელება იმ პროცესის, რაც საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის კომპონენტს წარმოადგენს და ეუთო და მისი გენერალური მდივანი ამ საკითხს ცალსახად ხაზს უსვამს მისი ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.