გიორგი ვოლსკი ზელენსკის განცხადებაზე: პირველი პირი განცხადებას აკეთებს არა მხოლოდ იმაზე, რომ გარანტიები არ მისცეს დასავლელმა პარტნიორებმა, არამედ იმაზეც, რომ აღქმული დახმარების ნახევარი გაძარცვული იყო

ვოლსკი

ზელენსკიმ, პირდაპირ, არაორაზროვნად მიუთითა, რომ ეს არის სწორედაც ის კორუფცია, რომელმაც უკრაინა ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალურ ინტერვიუზე, სადაც მან ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

„ასეთი სკანდალური განცხადება, როგორიც მოვისმინეთ ზელენსკისაგან, მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა ამას წინათ არახამიამ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად, შეაწყვეტინა კიევში ჩასულმა ბორის ჯონსონმა. პირველი პირი განცხადებას აკეთებს არა მხოლოდ იმაზე, რომ გარანტიები არ მისცეს დასავლელმა პარტნიორებმა, არამედ იმაზეც, რომ აღქმული დახმარების ნახევარი, რაც ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს, გაძარცული იყო. ფაქტობრივად, პირდაპირ, არაორაზროვნად მიუთითა, რომ ეს არის სწორედაც ის კორუფცია, რომელმაც უკრაინა ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა. ასეთი განცხადების შემდეგ, რასაკვირველია, საქართველოში ყველა - დიდი თუ პატარა, მათ შორის სკოლის მოწაფეები, რომლებსაც ტვინი გამოურეცხეს, უნდა დაფიქრდნენ, რასთან გვაქვს საქმე და საით მიაქანებენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მათ ზურგზე შემომჯდრები ლამობენ პოლიტიკის სადავეებთან მოსვლას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.