1758726960
გიორგი ვოლსკი: თუ ჩვენ არ შევდივართ ამ ომში რუსეთთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა. ჩვენ იმ ევროპისკენ, იმ პრინციპებისკენ მივდივართ, რომელიც მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, ხალხს უნდა ემსახურებოდეს

საქართველო ევროპისთვის არ არის დაკარგული. ეს არის უსინდისო განცხადება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას.
საუბარია ზელენსკის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა: „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს“.
„უკრაინამ გაიყვანა თავისი ელჩი საქართველოდან, იმიტომ რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. უკრაინისთვის ხორციელი ინტერესია ის, რომ იმ ცეცხლში, სისხლში და ცრემლში გახდეს თანაზიარი საქართველო. ისეთ პოლიტიკურ რეზოლუციებში დავუჭირეთ უკრაინის მხარი, თანაც ისე რომ ზურგში არ გვყავს იმდენი მხარდამჭერი, რომ რუსეთს დაუპირისპირდნენ და თან აქვეა, დამიზნებული აქვს… ეს არის უსინდისო განცხადება, რაც გაკეთდა. იგივე მოლდოვა ავიღოთ, მოლდოველი, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობს, რასაკვირველია მხარს დაუჭერს ევროპულ სივრცეს, მაგრამ იქ შიგნით მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. ჩვენთან თუ ევროპას, ევროინტეგრაციის პროცესს უჭერს მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი, აქ ლომის წილი ქართული ოცნებისაა. ეს განსხვავებაა და ამ განსხვავების დასაფარად გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხდება შემოტევა. ეს ყველა განცხადება უნდა მივიღოთ, როგორც მოწოდება ახალგაზრდებისადმი, რომ იყვნენ აგრესიულები და შექმნან საქართველოში მეიდანის მსგავსი. ეს ჩვენ არ გვინდა. თუ ჩვენ არ შევდივართ ამ ომში რუსეთთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ [კურსი] შეიცვალა. ჩვენ იმ ევროპისკენ მივდივართ, რომელიც წესდებაშია ჩაწერილი, იმ პრინციპებისკენ მივდივართ, რომელიც მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში ხალხს, ქართულ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.