გიორგი ვოლსკი: წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა

გიორგი ვოლსკი

წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს ციხიდან.

მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„ყველა და მე პირადად ძალიან განვიცდით მდგომარეობას, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილი ჩავარდა, განსაკუთრებით მიზეზებს, რის გამოც ეს მოხდა. საკმაოდ მტკივნეული თემაა. წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა. განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ეს არის ის, რომ დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და სხვა არაფერი ამაში არ დევს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს საპატიმროდან დაწერა, რომ წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხოლო მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტექსტში კი წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაული აღიარებული და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, რის საფუძველზეც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა კი იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.