გიორგი ვოლსკი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, შვედეთის საელჩოს პასუხზე: საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა რაზმში მონაწილეობაა პირდაპირი. დაფიქრება გვმართებს, არის თუ არა მეგობარი ყველა ევროპული ქვეყანა

გიორგი ვოლსკი

თუ კი შვედეთს გააჩნია ისეთი პოლიტიკა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით აქ რევოლუციური პროცესების განვითარებას ითვალისწინებს, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით შვედეთის საელჩოს პოზიციაზე.

მისი თქმით, შვედეთის საელჩოს პოზიციის გათვალისწინებით დაფიქრება გვმართებს, რამდენად არის საქართველოს მეგობარი ყველა ევროპული ქვეყანა.

„არა თუ ჩარევაა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა რაზმში მონაწილეობაა პირდაპირი. რა საკვირველია, დაფიქრება გვმართებს, არის თუ არა მეგობარი ყველა ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ შვედეთის საელჩომ „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა. „ქრონიკა“ დაინტერესდა იღებს თუ არა საელჩო პასუხისმგებლობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა და თქვა, რომ პრეზიდენტის მიწვევის გარეშე, პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ცნობილია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დონორია. შვედეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.