გიორგი ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მოსწონს და არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს. ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ

გიორგი ვოლსკი

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირად არ მოსწონს და არანაირად არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს. ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ ვიხილეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რითაც იგი აქციის მონაწილეებსა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„მავნებლობით ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტი რესურსის მფლობელია დესტაბილიზაციისთვის და რომელი უკეთ შეასრულებს მარიონეტის როლს. ეს ამოცანა დღის წესრიგში რჩება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ინდიკატორია იმ შინაარსისა, რისი მატარებელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - არანაირი ქმედება, რომელიც ახლოს არის საქართველოს კონსტიტუციასთან და ზოგადად, დემოკრატიულ საზოგადოებასთან და დღის წესრიგთან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

აქციის მონაწილეებსა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის რუსთაველის გამზირზე სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას ადგილზე ყოფნა გააპროტესტეს. გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ.