გიორგი ვოლსკი ერთნაირსქესიანთა საკითხზე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: კანონმდებლობა დასჭირდა იმ საფრთხის თავიდან არიდებას, რომელიც ჩვენს ბავშვებს ემუქრება

გიორგი ვოლსკი

კანონმდებლობა დასჭირდა იმ საფრთხის თავიდან არიდებას, რომელიც ჩვენს ბავშვებს ემუქრება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირ სქესიან მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში.

„ეს [გადაწყვეტილება] უნდა განვიხილოთ ემოციურადაც, პრაგმატულადაც და ეროვნული უსაფრთხოების რაკურსში. ამის თაობაზე ჩვენი განცხადება გაძლიერებულია შესაბამისი კანონმდებლობით. კანონმდებლობა დასჭირდა იმ საფრთხის თავიდან არიდებას, რომელიც ჩვენს ბავშვებს ემუქრება. ეს არ არის ადამიანის უფლების დარღვევა, ეს არის დაცვა პროპაგანდისაგან, რომელიც ასე ძალოვნად და პოლიტიკური მიზნით ხორციელდება არა მარტო ევროპულ სივრცეში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.