წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ბოლო ხუთი წლის ამბავია, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ევროპა არ სურს, რადგან ევროპული დემოკრატიის პირობებში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
„ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ მიზანმიმართულად შეაჩერა. „ოცნებას“ ამ ქვეყანაში დემოკრატია არ სურს, არ სურს ევროპა, რადგან ევროპული დემოკრატიის პირობებში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს არის მთავარი პრობლემა და ამიტომ არის „ოცნება“ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმი.
რა არის გასაკვირი, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? აქ შეიძლება, სიტყვებზე ვიდავოთ, მაგრამ რეალურად ეს წერილი გავიგე როგორც ზოგადი აღიარება იმ უკუსვლისა, რაც საქართველოს ჰქონდა და არა ის, რომ ეს ფაქტი იყო დადასტურებული. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი ერთ-ერთი რიგითი წერილით შემოიფარგლებოდა? განცხადებას რა მნიშვნელობა აქვს? ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, გინდათ თქვათ, რომ 28 ნოემბერს არის მიღებული? კობახიძე და „ოცნება“ ამ გადაწყვეტილებამდე რომ მისულიყო, ამას წინ მთელი პერიპეტიები უძღოდა. არჩევნების დროს „ოცნება“ ხალხს ერთი მხრივ ჰპირდებოდა ღირსებით სვლას ევროპისკენ. თუმცა, როგორი სვლა და ღირსება მივიღეთ, ეს ყველამ ნახა.
ირაკლი კობახიძის განცხადება იყო უბრალოდ იმის დასტური, რისკენაც „ოცნება“ ისედაც მიდიოდა. როგორ ემთხვევა ეს განცხადება რიცხვებში ერთმანეთს, არ მგონია ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ირაკლი კობახიძე ამ შემთხვევაში არის დე ფაქტო მთავრობის ე.წ მეთაური და მისი განცხადება, რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან ოფიციალურ დადასტურებად ჩაითვალა. ამიტომ და არა იმიტომ, რომ ერთ დღეში შეიცვალა პოზიცია. თქვენ ეკიდებით განცხადებას და თარიღს და მე გეუბნებით, რომ ამ განცხადებით კობახიძემ დაადასტურა ის, რისკენაც „ოცნება“ მიდიოდა. რა თქმა უნდა, ის დემოკრატიული უკუსვლა ბოლო ერთი წლის ამბავი არ არის. რეალურად, ეს დემოკრატიული უკუსვლა ბოლო 5 წლის ამბავია, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო. დაიწყო როგორც დემოკრატიული უკუსვლა, ასევე საქართველოს საგარეო ვექტორის ცვლილება. ასე რომ, რა არის გასაკვირი იმაში, რომ 3-4 წლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ეს დაადასტურა“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. არსებული ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.