გიორგი შარაბიძე: ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამომრჩევლის ინფორმირება, თუ რეალურად როგორ ვითარდება პროცესები, რასთან გვაქვს საქმე, რა ინფორმაციები ვრცელდება და როგორია მათ შორის დეზინფორმაციის წილი

გიორგი შარაბიძე

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამომრჩევლის ინფორმირება, თუ რეალურად როგორ ვითარდება პროცესები, რასთან გვაქვს საქმე, რა ინფორმაციები ვრცელდება და როგორია მათ შორის დეზინფორმაციის წილი, - ასე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ISFED-ის დასკვნას და ბრალდებას, რომ ცესკოს კავშირი აქვს საეჭვო Facebook გვერდებთან, სადაც საარჩევნო კომისიის სასარგებლო კამპანია მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამომრჩევლის ინფორმირება, თუ რეალურად როგორ ვითარდება პროცესები, რასთან გვაქვს საქმე, რა ინფორმაციები ვრცელდება და როგორია მათ შორის დეზინფორმაციის წილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ, რომ ყველამ ერთად კარგად გავიგოთ და პასუხი გავცეთ ყველა იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც ამ ჩატარებულ არჩევნებთან კავშირში ხორციელდება“, - განაცხადა შარაბიძემ.

მისი თქმით, 10 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა საჩივრების განხილვის პროცესი, სადაც რვა საათზე მეტხანს საარჩევნო ადმინისტრაცია უსმენდა საჩივრების წარმდგენ მხარეებს, როგორებიც იყო „საია“ და ორი პოლიტიკური გაერთიანება.

„სხდომა გადაიცემოდა ლაივ-რეჟიმში და ყველას ჰქონდა საშუალება ამ ხნის მანძილზე მოესმინა, არსებობდა თუ არა მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება, აი ასე, ერთი ხელის მოსმით გაუქმებულიყო", - აღნიშნა შარაბიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ სხდომის წინ გამოქვეყნდა ე.წ. კვლევა, რომელშიც როგორც თვითონ ამბობენ ოპონენტები საქმე ეხება აღმოჩენილ 7 ყალბ და 15-მდე საეჭვო გვერდს. შარაბიძემ აღნიშნა, რომ ანგარიშში ეს არ წერია, მაგრამ სხდომაზე და შემდგომაც ჩართულმა მხარეებმა და პოლიტიკურად დაინტერესებულმა პირებმა ეს ფაქტი გამოიყენეს ისე, თითქოს ამ გვერდებთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონოდა საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც არის უბრალოდ ცალსახად სიცრუე.

"ამ შემთხვევაში ანგარიშის გამოქვეყნება და პოლიტიკური ინტერპრეტირება ამ საკითხების იმგვარად, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას კავშირი აქვს ამასთან, უბრალოდ არის არასწორი“, - აღნიშნა შარაბიძემ.

შარაბიძემ განაცხადა, რომ სამართლიანობისთვის ორგანიზაციას, რომელსაც „სამართლიანი არჩევნები“ ჰქვია, რომ აესახა რამდენი ასეთი საეჭვო გვერდი, დაორგანიზებული გვერდი უტევს საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველდღიურად 2020 წლიდან, სწორედ მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც როგორც შემდგომ აღმოჩნდა იყო მცდარი, იქნებოდა მართლაც სამართლიანი და წამკითხავს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ორგანიზაცია მართლაც ობიექტურად უდგება ამა თუ იმ საკითხის ანგარიშში ასახვას.