1730548745
გიორგი ქობულია: ამ 5 დღის განმავლობაში მე ვერ ვნახე ვერც ერთი მტკიცებულება იმის, რომ არჩევნები გაყალბდა
ამ ბოლო 5 დღის განმავლობაში მე ვერ ვნახე ვერც ერთი მტკიცებულება იმის, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერც ერთი მატერიალური მტკიცებულება ვერ იყო წარმოდგენილი. თუ ამდენი დღის განმავლობაში ეს მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი, ე.ი. ეს მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ ჩემი შეფასებით, არჩევნები არ გაყალბდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გლობალური საკონსულტაციო ფირმის, „მაკინზი და კომპანიის“ წარმომადგენელმა გიორგი ქობულიამ „დღის ქრონიკასთან“.
მისივე თქმით, არსებობს ორი ტიპის გაყალბება. ეს არის ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება ამომრჩევლის, რომ აიძულო, ხმა მისცეს. ქობულიამ აღნიშნა, რომ მეორე გაყალბება, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის გაყალბება თვითონ ხმის მიცემის პროცესში.
„მოდით ორივე განვიხილოთ ძალიან მოკლედ. ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება ამომრჩევლის, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, თუ ასეთი ფაქტები იყო. ეს ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინების ფაქტები ჯერჯერობით ვერ ვნახე. არ იყო წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, დარღვევები იყო და ჩვენ რომ ვთქვათ, რომ დარღვევები არ იყო, არასერიოზული იქნება. ეს დარღვევები ყველა ქვეყანაშია. ეს უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ იქონია თუ არა რაიმე გავლენა ამ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე, მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - აღნიშნა ქობულიამ.
გიორგი ქობულია ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში „მაკინზი და კომპანია“. ბოლო 10 წელი ის იყო მაკინზის უფროსი პარტნიორი - გლობალური ტოპ მენეჯერი. იგი ასევე არის საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი.