ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებისთვის ნამდვილად არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარე პროცესები, რისთვის ემზადებიან და აქვთ თუ არა იმედი, რომ გარედან წამოსული დახმარება, საარჩევნოდ წაადგებათ.
„ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებისთვის ნამდვილად არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბრით, აქციებითა და რევოლუციური სცენარებით მოახერხონ ხელისუფლებაში მოსვლა. სხვა სცენარი მათ თავში უბრალოდ არ შეიძლება არსებობდეს. არჩევნების დღე არ მოსულა და უკვე საუბრობენ იმაზე, თითქოს არჩევნები ყალბდება. არადა საზოგადოება ხედავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს სრულიად მშვიდ, თავისუფალ გარემოში. ხანდახან არის მცდელობა - თეთრზე შავი ილაპარაკონ. ასეთ რიტორიკას მათ ვერავინ დაუშლის და ასე გააგრძელებენ.
რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, გაყოფებზეა საუბარი, შემდეგ გაერთიანებებზე, ეს ადასტურებს იმას, რომ ეს მართლა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები კი არ არიან, მთელი ოპოზიციური გაერთიანება არის ერთი -კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. რა კოალიციაზე და სხვადასხვა ჯგუფზეა საუბარი?! იმაზეც კი საუბრობენ ერთმანეთში, რომ თავიანთ პარტიულ სიებში ერთმანეთის წევრები ჩასვან. რეალური საფიქრალი არის მათი, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ბარიერს ლახავს, ამ ეტაპზე ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.
რაც არ უნდა გააკეთონ, გაერთიანებების თემა დასრულდება, რადგან ხვალ არის ბოლო დღე, როდესაც პარტიული სიები უნდა იყოს წარდგენილი და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ვინ როგორ გამოდის, როგორი პარტიული სიით და ა.შ. არჩევანი არის უმარტივესი. ერთი მხრივ არის „ქართული ოცნება“, რომელმაც 12-წლიანი ხელისუფლებაში ყოფნისას აჩვენა რა პოლიტიკის მატარებელია, რა შედეგი მოუტანა ქვეყანას ამ ურთულეს ვითარებაში, მეორე მხარეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ასევე აჩვენა თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რა მოუტანა ქვეყანას. არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება და დარწმუნებული ვარ, არჩევნების დღეს საზოგადოება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახიანმა.