გიორგი ფხაკაძე: ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა თავიდან ბოლომდე, ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ილაპარაკებს ფაქტებზე, მიანიშნებს შეცდომებზე - დავიღალეთ ამ რევოლუციით, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სტაბილურობა

გიორგი ფხაკაძე

რევოლუციების ისტორიამ გვაჩვენა რომ რევოლუციები, ზოგადად მთავრდება ძალიან სისხლიანად. არ გვინდა ეს რევოლუციები, რაღა დროს ეგ არის - არჩევნები,  -  ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ასევე, ქვეყანაში, პირველ რიგში საჭიროა სტაბილურობა და დემოკრატიული პროცესი, რომელიც არჩევნებს გულისხმობს.

"ზუსტად რომ არჩევნებზე მობილიზაცია უნდა იყოს, წივილი, ჩივილი, ბღავილი არჩევნებზე უნდა დაუმტკიცო ხალხს და ტიპებს [ოპოზიციას] პროგრამა არ ჰქონდათ, კარგით რა. ახლა რასაც ვუყურებ, ლანძღავენ, თათხავენ ერთმანეთს და გინებაზეც გადადიან და დახოცონ ერთმანეთი. მგონი, ახლა რაც ხდება, ოპოზიციამ აჩვენა თავისი თავი თავიდან ბოლომდე, ზევით რომ ამოტივტივდება ყველაფერი ასე არის. ქვეყანას სჭირდება ოპოზიცია, მაგრამ კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ილაპარაკებს ფაქტებზე, მიანიშნებს შეცდომებზე, არგუმენტირებულად შეაფასებს. ისიც გითხარით, რომ ყველას დაიჭერენ-მეთქი, შარშან, არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში დავიღალეთ ამ რევოლუციით, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში, სტაბილურობა, მეორე - უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი, მესამე - დემოკრატიული პროცესი, ეს არის არჩევნები. მე არჩევნების წინა დღეს გეუბნებოდით: წადით არჩევნებზე, რამდენი მეძახეთ "ქოცი" ხარო, რამდენი მლანძღეთ?! ვიღაცას მიეცით ხმა, "მწვანეთა" პარტიას მიეცით ხმა, რა მაგარი იქნებოდა, რომ რაღაც უცნაური პარტია გამარჯვებულიყო. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი გამოვიდა მიტინგებზე, არ დამითვლია, მაგრამ, ეს ყველა ადამიანი რომ წასულიყო არჩევნებზე, აერჩიათ, მაგალითად, "მწვანეთა პარტია", რას ამოვიჩემე ეს "მწვანეთა პარტია", მაგრამ, იდეაა, ხე, ეკოლოგია, გაჩეჩილაძისთვის მიგეცათ ხმა, ან შალვასთვის. არა, ჩვენ რევოლუცია გვინდა და რასაც ითხოვდით, ის მიიღეთ. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები მომხრე იმისი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი," - აღნიშნა ფხაკაძემ.

ასევე, მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ შეასრულა მასზზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოსახლეობა არჩევანის წინაშე დატოვა.

"მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ვერ და არ შეასრულა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ძალიან ვწუხვარ, იმიტომ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია. უნდა იწივლოს, სპექტაკლი დადგას, იყვიროს, მაგრამ პარლამენტში და არა გარეთ და არ უნდა ჩაათრიოს ხალხი ციხეში. მე ძალიან მეშინოდა, როდესაც წინა დღეებში ვუსმენდი, რომ 4-ში დავიწყებთ და 4-ში დავამთავრებთ. პრაქტიკულად, ოპოზიციამ დატოვა მოსახლეობა არჩევანის გარეშე, მიხვდით, რა გააკეთა? პირიქით, პარლამენტში, ყველა კომისიაში უნდა ყოფილიყვნენ, ფუნქციაა ოპოზიციის, რომ რაღაც უნდა აკეთონ და ბოიკოტში ვარო. პრაქტიკულად, ვინც გაანადგურა და ჭაობში ჩაუშვა ქვეყანა, ეს არის ოპოზიცია. ოპოზიციის ფუნქცია არის ბალანსი და როცა ბალანსი დარღვეულია, ეს ძალიან ცუდია," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.