გია ვოლსკი: პატარა ერი როცა თვითმყოფადობას კარგავს, განულებულია სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა, ამიტომ დაცული უნდა იყოს ეროვნული პრინციპები, მით უმეტეს, თუ ეს ეხება მომავალ თაობას

ვოლსკი

პატარა ერი როცა თვითმყოფადობას კარგავს, განულებულია სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა. შეიძლება, გადაითქვიფო მსოფლიო არენაზე, მაგრამ ეროვნული პრინციპები უნდა იყოს დაცული. მით უმეტეს, თუ ეს ეხება ბავშვებს, მომავალ თაობას, თუ აზიანებს საზოგადოებას, ქმნის დაპირისპირების, დაძაბულობის სფეროებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ამის თაობაზე მმართველი გუნდის განცხადება შესაბამისი კანონმდებლობით არის გაძლიერებული.

„ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურად დაშვებულია პარტნიორობა ერთნაისქესიანთა შორის და ქორწინებაც. არსებობს მხოლოდ ოთხი ქვეყანა, რომელშიც არ არის დაშვებული. ამ ოთხი ქვეყნიდან ერთ-ერთს, პოლონეთს მიუთითებენ, რომ პოლონელი მოქალაქეები, ორი მამაკაცი თუ დაქორწინდება სხვა ქვეყანაში, სადაც დაშვებულია, პოლონეთი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს. ვალდებულია, სოციალური თუ პოლიტიკური შეღავათები დაუშვას, თუ სხვა ქვეყანაში დაქორწინებული ადამიანი შევა ვარშავაში. ანუ, პოლონეთი დღემდე თუ თავს იცავდა იმით, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე კანონი არ ჰქონდა, მომავალში პოლონეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყანა, ვალდებული იქნება, ცნოს ერთნაირსქესიანთა წყვილი. სამართლებრივად რა ასპექტში შეიძლება ეს იქნას გამოყენებული, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ეს უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სანქციას ექვემდებარება. უკვე ფაქტია, რაც ხდება. საქართველოში აღნიშნული საკითხი მარტო ემოციურად კი არ უნდა განვიხილოთ, ეს არის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატარა ერი როცა თვითმყოფადობას კარგავს, განულებულია სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა. შეიძლება, გადაითქვიფო მსოფლიო არენაზე, მაგრამ ეროვნული პრინციპები უნდა იყოს დაცული. მით უმეტეს, თუ ეს ეხება ბავშვებს, მომავალ თაობას, თუ ეს აზიანებს საზოგადოებას, ქმნის დაპირისპირების, დაძაბულობის სფეროებს, ეს უნდა განვიხილოთ ემოციურადაც, პრაგმატულადაც და ეროვნული უსაფრთხოების რაკურსში. ამის თაობაზე ჩვენი განცხადება გაძლიერებულია შესაბამისი კანონმდებლობით. კანონმდებლობა დასჭირდა იმ საფრთხის თავიდან არიდებას, რომელიც ჩვენს ბავშვებს ემუქრება. ეს არ არის ადამიანის უფლების დარღვევა, ეს არის დაცვა პროპაგანდისაგან, რომელიც ასე ძალოვნად და პოლიტიკური მიზნით ხორციელდება არა მარტო ევროპულ სივრცეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ეს არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება, საქართველოს ევროკავშირის წევრობა აღარ უნდოდეს?“, რაზეც ვოლსკიმ აღნიშნა:

„არ არის ეს, ჩვენ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით დამტკიცებულ გეგმას, გეგმას მივყვებით, ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის მზად ვიქნებით, გავხსნათ მოლაპარაკება ყველა მიმართულებით. ზოგი მიმართულებაა, რომელზეც ხვალვე შეგვიძლია, დავიწყოთ ლაპარაკი, მაგრამ ბრიუსელიდან როცა გეუბნებიან, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ფორმატი გადაიდო ან გაუქმდა საქართველოსთან, ეს ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის ან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მიმართულება ერთ-ერთი საგანგებო მოთხოვნაა ევროსისტემაში.

დარწმუნებული ვართ, ასე არ იქნება, ეს არის წმინდა პოლიტიკური პროპაგანდანდისტული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც მოგვწონს ევროპაში და ამიტომ ვიღებთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის თაობაზე. ამ სტანდარტების აღსრულება უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას ვაკეთებთ და როგორ შეგვიფასებენ, ამას 2030 წელს დავინახავთ. დიდი იმედი მაქვს, რომ დაფასდება შრომა გეგმის შესასრულებლად, რომელიც მივიღეთ, როგორც ასოცირებულმა წევრებმა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში“.