1794936548
გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას, ქერიმ ვალიევს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მას აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
კოლეგასთან შეხვედრამდე, გიორგი მათიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. გენერლებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის სფეროში რეგიონულ პარტნიორობაზე, ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, ასევე ექსპერტთა შეხვედრებზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.










