გენადი არველაძე: 2026 წლის იანვრის მონაცემით გვაქვს ექსპორტის 19%-იანი ზრდა - მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იღებდა სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში

გენადი არველაძე

2026 წლის იანვრის მონაცემით ჩვენ გვაქვს ორნიშნა 19-პროცენტიანი ზრდა ექსპორტის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე განთავსების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იღებდა სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი როგორც ექსპორტის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით.

„ჩვენ გავაფორმეთ არაერთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. აღნიშნულმა შეთანხმებებმა მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი პროდუქტები უფრო კონკურენტუნარიანად განთავსებულიყო ამ საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ 95% ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მოდის სწორედ აღნიშნულ ბაზრებზე, ვისთანაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პოლიტიკას, რომ უფრო მეტ ბაზართან და მნიშვნელოვან დიდ ბაზრებთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი საექსპორტო პროდუქტების უფრო მეტ დივერსიფიცირებას, - აღნიშნა გენადი არველაძემ.