გაჟონილი ინფორმაციების საფუძველზე, შემიძლია გითხრათ, რომ პიროვნულ დონეზე ვერ იტანენ ერთმანეთს და დიდი განხეთქილება აქვთ - მამუკა მდინარაძე

 მამუკა მდინარაძე

ტოპ ტვინების გადაწყვეტილებაა, როგორც ჩანს, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს ინდივიდუალური განცხადებით მიმართა.

მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენელს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სარკასტული პასუხი გასცა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერების განაცხადი კოლექტიური და რატომ გამოაგზავნა ვაშაძემ ის ინდივიდუალურად, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში დიდი განხეთქილებაა.

„გაჟონილი ინფორმაციების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ პიროვნულ დონეზე ვერ იტანენ ერთმანეთს და დიდი განხეთქილება აქვთ. მათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ელემენტარულ დონეზე არ აქვთ. ერთი დაწესებულებიდან მეორეში ვერ გადავლენ პატრონებს რომ არ შეეკითხონ. მართლა მეცოდებიან, ასეთი შეზღუდვა თავისუფლების, რაც მათ აქვთ, ერთადერთია, რამაც შეიძლება შეგაცოდოთ ეს ხალხი.

გახარია და ხაზარაძე ცხრაჯერ გამოვიდნენ სალომე ზურაბიშვილისგან, ერთ ქვაბში იყვნენ, რომ შეკითხვოდნენ თავის პატრონებს ახლა რა ვქნა, რა ვუპასუხო, თქვენი როგორ ამბობს, იმის როგორ ამბობს. ორ დღეში რამდენჯერ შევიდნენ და გამოვიდნენ გახსოვთ? თუ გადამწყვეტი ვარ დავჯდები და მივიღებ გადაწყვეტილებას. რომ მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან რაღაცაზე, გამოვდიოდი, ვრეკავდი და შევდიოდი უკან? ჩვენ ხომ პიარს გვიგონებენ, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს ეკითხებიანო. რა თქმა უნდა, იმ კაცის რჩევებს ვითვალისწინებთ უპირატესად და ყველაზე მეტად, იმიტომ, რომ გასაგებია მისი ინტელექტუალური რესურსი და ინტელექტუალური შესაძლებლობების ხარისხი, მაგრამ გამოვდიოდი და ყოველ წუთში ვრეკავდი? ველაპარაკებოდი 4 ოპოზიციურ ჯგუფს, ვეუბნებოდი, დამელოდეთ ახლა მე თქვენ, გავალ ან ირაკლი კობახიძეს ან ბატონ ბიძინას დავურეკავ და რა პასუხი გაგცეთ გავიგებო? გამოვდიოდი გადაწყვეტილებით ან კის ან არასვამბობდი. 9-ჯერ გამოვიდნენ დღენახევარში სალომე ზურაბიშვილისგან და იქიდან დაერეკათ, რისი ერიდებოდათ? ერთი პატრონის ქვეშ არ იყვნენ? არავითარი დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება მათ არ აქვთ. რასაც ეტყვიან თავიანთი პატრონები იმას გააკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.