გავაკონტროლებთ გრანტის განხორციელებას და ხარჯვით ნაწილს - თამარ ზოდელავა

თამარ ზოდელავა

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ რადიო გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სააგენტოს მიერ გაცემული თანხების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სააგენტომ შეიმუშავა გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი, რომელიც ხელმისაწვდომი არის ყველა დაინტერესებული პირისათვის და რომლის საფუძველზეც სააგენტო გააკონტროლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ როგორც გრანტის განხორციელებას, ასევე ხარჯვით ნაწილს და ეს ინფორმაციაც ასევე სრულად იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

„პირველ რიგში ჩვენ ამისათვის შევიმუშავეთ გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი, რომელიც დამტკიცდა 18 ივლისს და ხელმისაწვდომი არის ყველა დაინტერესებული პირისათვის, ისევე როგორც ყველა სხვა დოკუმენტი. აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მივაწვდი ინფორმაციას საზოგადოებას თუ სად შეუძლიათ აღნიშნული დოკუმენტების ნახვა და ეს გახლავთ სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი - „სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“. მონიტორინგი და კონტროლი არის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ როგორც შედეგების კუთხით გავაკონტროლებთ გრანტის განხორციელებას, ასევე, რა თქმა უნდა, ხარჯვით ნაწილს. ანუ ერთი არის შინაარსი, როგორ განხორციელდა იდეა და რა შედეგი მოიტანა თითოეული მოქალაქისთვის, რა ცვლილებები გამოიწვია ამან და მეორე არის დახარჯული თანხა, რომელზეც ჩვენ სრულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო დაფინანსებაზე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი, რომელზეც ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა და აქვს პირველ რიგში უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია რაში იხარჯება ეს თანხები“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.